Wednesday, October 21, 2009

ახალი წელი სვანეთში



ყველა ქვეყანაში ახალ წელს განსხვავებულად ხვდებიან. ალბათ გაინტერესებთ, როგორ ხვდებოდნენ ახალწელიწადს ჩვენში, კერძოდ კი სვანეთში?
სვანეთში ახალი წლის წინა ღამეს აცხობდნენ ბევრ ყველიან პურს, რომელთაგან ერთი იყო დიდი და შუაში ჯვარი ჰქონდა გამოსახული. გიდელაში ჩააწყობდნენ თაფლს, ყველს, ხორცსა და სხვა სანოვაგეს და კარებთან ჰკიდებდნენ, რომ მაკვლიელს მზად დახვედროდა. როგორც კი ირიჟრაჟებდა, ოჯახის უფროსი ადგებოდა, ცეცხლს დაანთებდა, გააღვიძებდა დიასახლისს, დიასახლისი კი შვილს. მერე მამაკაცი ახსნიდა ხარს, მოაბამდა რქებში ბაწარს და გაუძღვებოდა წინ. ბავშვი ხარს მისდევდა, დედას გიდელი ეკიდა ზურგზე. სანამ სახლში არ დაბრუნდებოდნენ, ერთმანეთს არ უნდა დალაპარაკებოდნენ. მივიდოდნენ წყაროსთან, ხარს წყალს დაალევინებდნენ . ოჯახის მეკვლეებს მდინარიდან წყალი მოჰქონდათ. ამის შემდეგ მიდიოდნენ კალოზე, დადგამდნენ თოვლის ზვინს, შუაში ნაძვის ხეს ჩაურჭობდნენ. როცა მეკვლე მოვიდოდა, დაიძახებდა, კარი გამიღეთ, ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვსო, შევიდოდა სახლში, სამჯერ შემოუვლიდა, სამჯერ დაილოცებოდა, აიღებდა დიდ ჯვრიან ბედის პურს, დააწყობდა მასზე ყველა, ხორცს, თაფლს, პურსა და ვერცხლს, ჩამოუვლიდა და ოჯახის ყველა წევრს სათითაოდ მიულოცავდა ახალი წლის დადგომას.

ახალი წელი ბულგარეთში





ბულგარეთში ახალ წელს ტრადიციულად სახლში ხვდებიან. ახალი წლის დაწყებამდე ოჯახის წევრებიდან ყველაზე პატარა დგება ნაძვის ხესთან და მღერის დანარჩენებისათვის. მადლიერების ნიშნად კეთილი უფროსები მას საჩუქრებს ჩუქნიან. ყველაზე საინტერესო იწყება მას შემდეგ, რაც საათი თორმეტჯერ ჩამოკრავს. ამ დროს სახლებში აქრობენ შუქს საახალწლო კოცნისათვის. მხოლოდ ამის შემდეგ დიასახლისი იწყებს ღვეზელის დაჭრას მასში არსებული სიურპრიზებით: თუ მონეტა შეგხვდებათ – სიმდიდრეს უნდა ელოდოთ, თუ ვარდის ტოტი – სიყვარულს. ასეთივე სიურპრიზებიანი ღვეზელის ტრადიცია არსებობს რუმინეთში და ავსტრალიაში.